ჟან მონეს პროექტის აღწერა

ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორმა სოლომონ მენაბდიშვილმა 2023 წელს მოიპოვა გრანტი ევროკავშირისგან და იგიგახდა ჟან მონეს პროფესორი. გრანტით დაფინანსდა პროექტი, რომლის სახელწოდება არის „უფრო ახლოს ევროკავშირთან“.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ევროკავშირის სამართლის პოპულარიზაცია და ცნობიერების ამაღლება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში. კერძოდ, სამართლის, ეკონომიკის და ბიზნესის მართვის მაგისტრანტებისათვის ყოველწლიურად გათვალისწინებულია ევროკავშირის კონკურენციის სამართლის და ევროკავშირის მომხმარებელთა სამართლის სწავლება და სამეცნიერო კვლევების განხორციელება. ასევე გათვალისწინებულია ორი ტრეინინგის ჩატარება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში საჯარო მოხელეებისათვის და იურისტებისათვის ევროკავშირის კონკურენციის სამართალში და მომხმარებელთა სამართალში. ტრეინინგს, გარდა ჯან მონეს პროფესორისა, გაუძღვებიან თბილისის საქალაქო სასამართლოს მოქმედი მოსამართლე ქალბატონი თამარ ლაკერბაია და საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქალბატონი სოფიო მომცელიძე. გარდა ტრეინინგებისა, მთელი საქართველოდან მოწვეული იქნებიან მსმენელები ორ საზაფხულო სკოლაში და მათ ჩაუტარდებათ ერთ კვირიანი ლექციები ევროკავშირის კონკურენციის სამართალში და მომხმარებელთა სამართალში 2024 და 2025 წლებში.პროექტი ასევე ითვალისწინებს ქ. ბათუმში სკოლებში ჟან მონეს პროფესორის სტუმრობას და სკოლის მოსწავლეებისათვის ლექციების ჩატარებას ევროკავშირის სამართალში.
პროექტით გათვალისწინებულია საერთაშორისო კონფერენციის ჩატარება 2026 წლის ზაფხულში ბათუმში ევროკავშირის გაწევრიანების პერსპექტივებზე,რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ევროპელი და ქართველი სტუდენტები და პროფესორები, ასევე სახელისუფლებლო შტოს წარმომადგენლები. გარდა ამისა, 2026 წელსვეა დაგეგმილი ახალი სახელმძღვანელოს გამოცემა ევროკავშირის კონკურენციის სამართალში.